ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატა.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.
ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.