ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუქმებს ყველა დოკუმენტს, მათ შორის შეწყალების დოკუმენტებს, რომლებსაც, მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი ავტოკალმის გამოყენებით აწერდა ხელს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

“ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც „შეწყალების“, “სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა დაკარგული აქვს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

როგორც “როიტერი” წერს, ავტოკალამი გამოიყენება პირის ხელმოწერის ზუსტად კოპირებისთვის, როგორც წესი, დიდი მოცულობის ან საზეიმო დოკუმენტებისთვის. მას წლების განმავლობაში იყენებდნენ ორივე ძირითადი პარტიის პრეზიდენტები წერილებსა და პროკლამაციების ხელმოწერისთვის.

“ტრამპისთვის ამის გასაკეთებლად აბსოლუტურად არანაირი კონსტიტუციური ან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. არასდროს ითვლებოდა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა წინა პრეზიდენტის შეწყალების გაუქმების უფლებამოსილება”,- განაცხადა იურიდიულმა ექსპერტმა, მარკ ოსლერმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა. ოფიციალური პირების გარდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა.

ადრე ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თანაშემწეები იღებდნენ და არა თავად ბაიდენი. ბაიდენმა და მისმა ყოფილმა თანაშემწეებმა უარყვეს ეს ბრალდებები და ხაზი გაუსვეს პრეზიდენტის აქტიურ როლს მმართველობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები