„ქართული ღვინოები კორეის ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება“, – კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის, ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ხელმძღვანელობით ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რვაკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, იმპორტიორები და ინფლუესერები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.

ტურის ფარგლებში, კორეელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ესტუმრნენ; ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციებს; თბილისში გაიმართა რამდენიმე მწარმოებლის ღვინის დეგუსტაცია.

„ქართული ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეის ბაზარზე. კორეელი მომხმარებლები კარგად იცნობენ მსოფლიოს ღვინოებს; ისინი აფასებენ ორიგინალურ, ავთენტურ გემოებს და უნიკალურ მახასიათებლებს. ამის გათვალისწინებით, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს კორეაში. ქართული ღვინო ადრე თუ არც ისე ცნობადი იყო კორეის ბაზარზე, ახლა მისი იმპორტი სწრაფად იზრდება. მჯერა, რომ ქართულ ღვინოს ძალიან ძლიერი მომავალი აქვს კორეაში და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო და უფრო მეტი მრავალფეროვნება“, – აღნიშნა ჩან ჯუნ პარკმა.

კორეის რესპუბლიკის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე მეექვსე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას. შესაბამისად, 2019 წლიდან კორეის რესპუბლიკა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები