“მოხარული ვარ, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ,,ვეფხისტყაოსნის“ ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის წარდგენა” – ილია მეორე
“მოხარული ვარ, ჩვენს საზოგადოებას მივულოცო ,,ვეფხისტყაოსნის“ ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, – სამზითვო წიგნის და ჩვენს თანამედროვეთა ხელნაწერის სახით რუსთაველის უკვდავი პოემის წარდგენა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილშია ნათქვამი.
“ამ ორივე გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საუკუნოვანი ტრადიციის აღდგენაა, ბ-ნ გურამ ახალაიას მიერ ფრიად ორიგინალურად და შთამბეჭდავად ხორცშესხმული.
მან გააცოცხლა ,,ვეფხისტყაოსნის“ სამზითვო-სასაჩუქრე დანიშნულება, რითაც, პირველ რიგში, ახლადშექმნილი ოჯახებისთვის და მათი შთამომავლებისთვის ამ პოემის განსაკუთრებული ღირებულება წარმოაჩინა; ამასთან, ,,ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა ორიგინალური და ყველასთვის სასურველი გახდა საყოველთაოდ აღიარებული მხატვრის, ბ-ნ ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციების გამოყენებითაც.
რაც შეეხება ხელნაწერ ,,ვეფხისტყაოსანს“, რომლის გადაწერასა და გამშვენებაშიც ჩვენი დროის ასობით გამოჩენილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვიტყვი, რომ იგი, მართლაც, უნიკალურია.
ეს არის საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული წიგნი, რომლის თითოეულ სტროფში ყოველმა გადამწერმა და მხატვარმა დიდი რუსთაველისადმი თავისი სიყვარული, პატივისცემა და მოკრძალება ჩააქსოვა. ეს გრძნობა არ გვტოვებს იმის მიუხედავად, ხელნაწერი ცოცხალ პიროვნებებს ეკუთვნის, თუ – აწ უკვე გარდაცვლილთ.
მართალია, წიგნმა ვერ მოიცვა თანამედროვე ღირსეულ ადამიანთა სისავსე, მაგრამ ფაქტია, ასეთი იდეის განხორციელება ფრიად შრომატევადი საქმეა და მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსანზე“ უსაზღვროდ შეყვარებულ პიროვნებებს შეეძლოთ ეს რეალობად ექციათ. ვულოცავთ.
და ბოლოს, ვიცი, რომ ბ-ნ გურამს და სხვა ადამიანებსაც აქვთ დიდი სურვილი, თბილისში გაიხსნას ,,ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი, რათა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ასევე, ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ (მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) და სათანადოდ დააფასონ მსოფლიო მნიშვნელობის ეს შედევრი.
ჩვენი საერო კულტურის გვირგვინს – ,,ვეფხისტყაოსანს“ ეს პატივი ნამდვილად ეკუთვნის.
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული წიგნების გამოცემაში; ვინც აფასებს შოთა რუსთაველს და, საერთოდ, ქართულ კულტურას და იღვწის მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.