“არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Midvolga 2 საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ Midvolga 2-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტო ეხმაურება თურქული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა.
“ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები.
სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმეული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ემყარება არანაირ ფაქტებს”, – წერია განცხადებაში.