ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს და არ უნდა იყოს სპონტანური

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„საამაყოა, რომ ბოლო წლებში აქტიურად შენდება ვენახები, თუმცა ეს არ უნდა იყოს სპონტანური. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხარისხს, ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების ნებართვის მიღებაში დაბრკოლება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური მასშტაბით ღვინის მოხმარება შემცირებულია; რთველის ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს უწევს ყურძნის შესყიდვაში ჩარევა და იმისთვის, რომ არ შეფერხდეს დარგის განვითარება, უნდა შემოვიღოთ ვენახების გაშენების რეგულაციები“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ვენახების გაშენების ნებართვის აღება მოუწევს იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების ინტენსიურ გაშენებაში. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, ვენახი გაშენებულია შესაბამისი მევენახეობის ზონების და ქვეზონებისთვის არანებადართული ჯიშებისგან ან არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით, რაც შემდგომში იწვევს როგორც ყურძნის წარმოების/რეალიზაციის პრობლემას, ასევე, პრობლემას ქმნის ღვინის წარმოებაში.

კანონპროექტი მისაღებად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები