ნიკო კეცხოველის წინასწარმეტყველება და კონტექსტებით წაკითხული სამყარო

მარინე ბერიძე,- მეცნიერთანამშრომელი, რომელაც მეუღლეზე, ცნობილ მთამსვლელზე საინტერესო წიგნი დაწერა, ახლა კი თავის ,,ევერესტს“ ,,იპყრობს, ანუ მისი სიცოცხლისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტზე, – “ქართული დიალექტური კორპუსიმუშაობს. მარინე ბერიძე,- თავისი წილი მოგონებებით ,,პერსონაში.

 

მოდი, თქვენი გაცნობა საკუთარი ვერბალური ავტოპორტრეტით დავიწყოთ: ვინ არის მარინ ბერიძე?
– ჩემი „ვერბალური“ პორტრეტიც ისეთივე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეულია, როგორც ვიზუალური  მარინა ბერიძე: არნოლდ ჩიქობავას ინსტიტუტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, მიხეილ ბერიძისა და თამარ ყიფიანის შვილი და მთამსვლ ბიძინა გუჯაბიძის  მეუღლე…  ბაისო, ირაკლი და ალექსანდრე გუჯაბიძეების დედა… აი, ყველა ის ტიტული, გნებავთ, „შტრიხი პორტრეტისთვის“, რითიც ამ სამყაროში ჩემს არსებობას ვაფიქსირებ და რითიც ვამაყობ. ცხოვრების წესიც მარტივი მაქვს: სამსახურში მუდამ უნდა მქონდეს საქმე და პირობები საქმის გასაკეთებლად; სახლში: საჭმელი, სისუფთავე და სტუმარი. დიდი ხანია, თითქმის მხოლოდ პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობ. თითქმის არ დავდივარ თეატრში, კინოში, პრეზენტაციებსა და გამოფენებზე… ამ ბოლო დროს პანაშვიდებსაც კი „ვაცდენ“ ხანდახან… შეიძლება ითქვას, ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი. თუმცა ეს ჩაკეტილობაც თავისებურია, ძალიან დიდ და ღია სივრცეში ვარ „ჩაკეტილი“. ვარ მკაცრი, მომთხოვნი, მაქსიმალისტი… პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ვერ ვყოფ ადამიანებს „ჩემიანად“ და „უცხოდ“, უახლოესი ადამიანების მიმართაც კი უკომპრომისო ვარ. ეს, რასაკვირველია, მიქმნის პრობლემებს, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. მიმაჩნია, რომ კომპრომისი საქმისთვის, ქვეყნისა და, ზოგადად, პროგრესისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. იგი წინდაზე გაქცეული თვალივითაა… რაც უნდა „სდიო“, ვერ დაეწევი და ვერაფრით გააჩერებ… აი, ასეთი ვარ. მე მაპატიეთ!..
თქვენი პირველი წიგნი მეუღლეზე, ცნობილ ალპინისტ, ბიძინა გუჯაბიძეზე დაწერეთ1931912_704443572920141_1794166242_n
– საერთოდ, წერა არ მიყვარს. თუ რამე დამიწერია, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების გამო და საკუთარ თავზე დიდი ძალდატანების შემდეგ. ბიძინას პირველი ევერესტი (1999 წ.) ჩვენი ოჯახის დიდ და გარდამტეხ ეტაპს დაემთხვა. მე ავად ვიყავი, სამი თვის განმავლობაში ვკვდებოდი, სიკვდილისწინა ზიარებაც კი მივიღე და რატომღაც გადავრჩი… ამ დროს მზადდებოდა ექსპედიცია ევერესტზე. საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი ვიყავი, ჯერ ისევ სიცხეები მქონდა, ბიძინა რომ წავიდა. ოდესმე გარეთ თუ გავიდოდი და ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, ვერ წარმომედგინა. ისიც საკმარისი იყო ჩემთვის, შვილები ცოცხალს რომ მხედავდნენ. აი, ამ დროს ავიდა ბიძინა ევერესტზე! ეს იყო ჩემი პირველი სახლიდან გასვლა აეროპორტში მის დასახვედრად! პირველი სუფრა და სახლში სტუმრიანობა…  საერთოდ, ბიძინა არაჩვეულებრივი მთხრობელია და თან კარგადაც წერს. იქიდან დღიურები და 12- საათიანი ვიდეომასალა ჩამოიტანა… მოკლედ, ჩვენ ევერესტით გავაგრძელეთ თემა და ავადმყოფობაც ნელ-ნელა დაიძრა უკუსვლის რეჟიმში. მაშინ გავაკეთე ის „წიგნი“,- „მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ…“ წიგნი კი არა, პატარა რეპორტაჟია იმ ექსპედიციაზე. ვფიქრობდით, რომ ოდესმე ბიძინა თავის დღიურებზე დაყრდნობით დაწერდა ნამდვილ წიგნს ამ, მართლაც, უმშვენიერეს ასვლაზე და ფილმიც გაკეთდებოდა. სამწუხაროდ, იმ 12 საათიდან ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გარდა  აღარაფერი დარჩა. იმ წიგნში ყველაზე მეტად ბიძინას დღიურის ფრაგმენტი მომწონს, რომელიც უცვლელადაა შეტანილი. ასე იყო თუ ისე, წიგნზე მუშაობამ ორი-სამი თვე წაიღო და მეც შეუმჩნევლად საკუთარი გამოჯანმრთელება დავიჯერე.
საერთოდ, ბავშვობა იმ ადამიანებით ამახსოვრდებათ, ვინც იმ დროს გარშემო ჰყავდათ
– წარმოშობით მესხი ვარ. ასპინძაში დავიბადე და გავიზარდე. დედულეთი ბაღდათში, სოფელ ქვედა დიმში მქონდა. ასპინძასა და დიმში გაიარა ჩემმა ბავშვობამ. ვიზრდებოდი და შეიძლება, ყველაფერს ცოტა უფრო მკვეთრად აღვიქვამდი და აღვიბეჭდავდი მეხსიერებაში, ვიდრე სხვები. ბავშვობა, მართლაც, უფრო იმ ადამიანებით მახსოვს, ვინც გარს მყავდა და იმ წიგნებითაც, რომელსაც იმ დროს ვკითხულობდი. აი, იქ, წიგნებში, არ იყო კუთხური ლოკალიზაცია… მახსოვს, როცა მეშვიდე კლასში „თამაში ჭვავის ყანაში“ წავიკითხე, როგორ დაემხო ჩემი წარმოდგენები „რკინის ფარდაზე“, გაიხსნა ყველა საზღვარი და შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური და ფიზიკური რუკის „წაკითხვის“ ის ანაბანა, ჩვენი “გაბო მასწ“-ი რომ გვასწავლიდა გეოგრაფიის გაკვეთილებზე. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობაში უფრო წარმოსახულ სამყაროში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი…
ბავშვობაზე ვსაუბრობთ და, რამდენადაც ვიცი, დედის, მამისა და ბებიაბაბუის გამონათქვამებსა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს განსაკუთრებულად უფრთხილდებით...1940113_704443802920118_379462857_n
– დედაც, მამაც, ბებია-ბაბუებიც, ისე, როგორც ყველას, საარსებო და სასუნთქი სივრცის შემოსაზღვრისთვის მეც მიქმნიდნენ მთავარ კონტურს. ყველაფერი მახსოვს და ყველა მათი სიტყვა დღემდე კაშკაშებს… რომელი ერთი გავიხსენო? ბებიაჩემი, მეზობელთან წასასვლელად მომზადებულს რომ დამინახავდა, შემაჩერებდა და უსიტყვოდ მაჩვენებდა ხელებს: ჯერ ორივეს წინ, ხელისგულებით ზევით დამანახვებდა, მერე ორივეს უკან – ასევე გაშლილი ხელისგულებით… გაჩერდებოდა, დაელოდებოდა შეკითხვას… და რაკი უკვე აღარაფერს ვეკითხებოდი, ამ უსიტყვო დემონსტრაციას დაამატებდა კომენტარს: “არაფელი მამიტანია, არაფელი არ მიმაქ! რაცხა რო დეიკარგოს სახლში, სახლის პატრონს შენი ცარიელი ხელები თვალში უნდა ჰქონდეს!!!“ მე დღესაც ჩვევა მაქვს, სულ დასანახად მეწყოს ხელები. დედაჩემის ყველაზე ხშირი კითხვა შვილებისთვის იყო: მადლობა უთხარი? ეს ისე გადაუვიდა ჩვევაში, რომ, როცა წამოვიზარდეთ, ვეხუმრებოდით და რაღაცას რომ ვუამბობდით, ასე ვამთავრებდით: ხოდა, მადლობაც ვუთხარი! – დამცინეთ, ხო, დამცინეთ! – მადლობაზე ტრიალებს დედამიწა! მადლობა იმ კაცს კი არ სჭირდება, ვინც

შენ სიკეთე გაგიკეთა,- იმისთვისაა აუცილებელი, ვინც შენ შემდეგ მასთან მივაო. ადამიანს არ უნდა ათქმევინო, რომ მადლობელი მაინც არავინ დამრჩება და თავი რაზე შევიწუხოო? აი, ასეთი „მაქსიმებით“ გვზრდიდნენ. რაც შეეხება დედაჩემის ჩანაწერებს, ეს მისი მარტოობის ნუგეში უფროა. ამით იქარვებს დარდს.
ერთხელ დედაჩემთან შევედი და მესმის, როგორ “ელაპარაკება” წიგნს: შენ გეიხარე, რავა ჩემ ოჯახში დაბერებულივით წერ… რავა ჩემი თვალით დანახულივით გაქ დანახული ყველაფერი… შევხედე და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები იყო. სინანულის სიტყვები მეც ვთქვი: რა ადრე წავიდა-მეთქი… მან ასე მიპასუხა: “მე ქე გადამატანია ცხონებულმა კიდე ერთი ზამთარი და…!”
 – ქალბატონო მარინა, დღემდე ქართულ ენას და დიალექტოლოგიის ჯერაც უცნობ მხარეებს იკვლევთ და ერთ საინტერესო პროექტზეც მუშაობთ...
– „ქართული დიალექტური“ კორპუსი ჩემი ცხოვრების პროექტია. როცა საგანგებოდ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, სულ ამაზე ვმუშაობდი. 14-15 წლისა ვიყავი, როცა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის სამეცნიერო კონფერენციისთვის მოხსენება მომამზადებინა: „ჩემი სოფლის მეტყველება“. ამ მოხსენებამ კონკურსში გაიმარჯვა და მე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაჯილდოებულთა შორის აღმოვჩნდი. დამსვეს პრეზიდიუმში, ერთ მხარეს,- ნიკო კეცხოველი იჯდა, მეორე მხარეს,- ევგენი ხარაძე. ორივემ დაწვრილებით გამომკითხა, ვინ და საიდან ვიყავი, რა იყო ჩემი მოხსენების თემა. მე სიხარულით ვბრწყინავდი. ,,დიდი საქმისთვის მოგიკიდია ხელი, ბერიძის ქალო“! – ბატონმა ნიკომ მითხრა. პროვინციელი ბავშვისთვის ეს კმაროდა, რომ ოჯახური გადაწყვეტილება რადიკალურად შემეცვალა და სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ამის შემდეგაც ყველა ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება უფრო იმ ადამიანებისადმი მოვალეობის აღსრულება მგონია, ვინც ცხოვრების გზაზე მხვდებოდა, ვიდრე საკუთარი ოცნებების და მისწრაფებების განხორციელება. თუმცა ამით არ დამცრობილა ის შემოქმედებითი სიხარული, რაც ამ საქმიანობას ყოველთვის ახლდა. სკოლაში ანა სუდაძე მასწავლიდა, უნივერსიტეტში ღმერთმა ბატონ ბესარიონ ჯორბენაძეს შემახვედრა… ყველა ჩემი აქტივობა ამ პროფესიაში მათი ნაკარნახევი მგონია. ვიღებ, როგორც დავალებას და ვასრულებ, როგორც შემიძლია.
რაც შეეხება ქართულ დიალექტურ კორპუსს, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით  მოგვიყვეთ?
– ანატოლ ფრანსის არ იყოს, ლექსიკონი ანბანთრიგზე გაწყობილი სამყაროა, კორპუსი კონკორდანსზე (სიმფონიაზე) გაწყობილი სამყაროა, ანუ სამყარო, რომელსაც ვკითხულობთ სათანადო კონტექსტებით… გაუგებარია, არა? დიახ, ძნელია ახსნა! თუმცა არც ისე ძნელი, ვიდრე კორპუსის შექმნა. მოგახსენებთ, რომ ქართული დიალექტური კორპუსი ქართული ენობრივი სინამდვილის ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებისა და კვლევის ინსტრუმენტია. კორპუსის ლინგვისტიკა შედარებით ახალგაზრდა ლინგვისტიკური მიმართულებაა და ენობრივი მონაცემების სრულიად ახლებური გააზრების საშუალებას იძლევა. ტექსტური კორპუსი ისეთივე პასუხია დროის გამოწვევაზე, როგორიც თავის დროზე იყო, მაგალითად, დამწერლობის შექმნა. კორპუსი არის გარკვეული კანონზომიერების დაცვით შერჩეული ტექსტების ძალიან დიდი ელექტრონული მასივი, რომელსაც მოქნილი საძიებო სისტემა აქვს… ქართული დიალექტური კორპუსი, დიდი პროექტის – „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საინტერესოა, სულ რამდენი სიტყვაა დღეს კორპუსში?1947658_704444706253361_1801388841_n
– დღეს კორპუსში მილიონნახევარი სიტყვაა და მისი ტექსტური ბაზა კვლავაც ივსება. კორპუსის საცდელი ვერსია 2009 წლიდან უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში და, ვინც დაინტერესდება, ჩვენს ინტერნეტმისამართს გაცნობებთ: (http://mygeorgia.ge/gdc). კორპუსის მთავარი ინფორმაციული საყრდენი სიტყვაა. თქვენ ეძებთ სიტყვას და პოულობთ ამ სიტყვის კონტექსტებს. „ჩამოურბენთ“ კონტექსტებს და პოულობთ ტექსტს… ვფიქრობ, დროა, ქართველმა მომხმარებელმა „აღმოაჩინოს“ კორპუსი. არა მხოლოდ ქართული დიალექტური კორპუსი, არამედ, ზოგადად, კორპუსი, როგორც ახალი კულტურული რეალია… დღეს ინტერნეტსივრცეში უამრავი კორპუსია (ბრიტანული, ჩეხური, რუსული, სლოვაკური, სომხური… ეროვნული კორპუსები; სხვადასხვა ტიპის სპეციალური კორპუსი…). წარმოიდგინეთ, ყველა ის ლექსიკონი და ენციკლოპედია არსებობდეს, რაც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვქონდეს, რა არის ლექსიკონი ან ენციკლოპედია და არ ვიყენებდეთ მათ. ეს ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, რომელსაც თან უნდა ახლდეს მომხმარებლის მომზადებაც. სწორედ ამ მიზნით „კორპუსული შეხვედრების“ სერიას ვიწყეთ.

 – ქალბატონო მარინა, ხშირად დადიხართ სამეცნიერო სასწავლო ექსპედიციებში სტუდენტებთან ერთად და შეგიძლიათ, ყველაზე გამორჩეული ექსპედიციები და ცალკეული შემთხვევები გაიხსენოთ?
– ექსპედიცია ჩემთვის ჩვეულებრივი რუტინაა. კიდევ უფრო რთულია სტუდენტებთან მუშაობა, რადგან აქ სამეცნიერო და პედაგოგიური ინტერესი ხან კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან, ხან ისეთი მთქმელი შეგხვდება, აღარ არის პედაგოგიკის დრო: გინდა მოასწრო და მაქსიმალურად იმუშაო. საერთო ჯამში, მაგალითიც კარგი გაკვეთილია. ვერასოდეს ვათავსებ სამეცნიერო ექსპედიციასა და ტურიზმს. მაინცდამაინც გართობის დროც არ მრჩება ხოლმე, ამიტომ თუ მოგონებაზე მიდგება საქმე, ყველაზე კარგად ის დღეები ან მთქმელები მახსოვს, რომელთაც პროფესიული თვალსაზრისით გამორჩეული მასალა მოგვცა. თუმცა, როცა საქმე გაქვს ადამიანებთან, მათ ცხოვრებისეულ ისტორიებს ისმენ, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე მათი განცდების მიმართ… ხან ისეთი მთქმელი შეგვხდება, გული შეიძლება, გაგიჩერდეს… ასე დაგვემართა, როცა ისპაჰანთან ახლოს მოხუცმა ქალმა „ჩიტო, ჩიტო ჩიორაო“ გვიამბო… ან როცა ლაგოდეხში 87 წლის ქალბატონი გამოგვიტყდა, თავი იმიტომ არ მოვიკალი, რომ 67 წლის წინ, როცა ჩემი ქმარი კვდებოდა, დამიბარა: თავი არ მოიკლა, თორემ საიქიოშიც ვეღარ შევხვდებით ერთმანეთსო… ან მესხეთიდან კახეთში „გეგმიური“ მიგრაციის ტალღით გადასროლილი ქალის სიტყვები: 15 წლისა ვიყავი. ღამით მოვედით და დილით რომ გავიღვიძე, დავტრიალდი წრეზე, გავყურებდი სივრცეს და მტანჯავდა, რომ არ ვიცოდი, რომელი მხრიდან მოვედი… დღისით რომ მოვსულიყავი, ასე არ გამიჭირდებოდაო… რომელი ერთი გავიხსენო! ჩვენ ვქმნით ქართული ენის სივრცული განფენილობის სურათს და საქართველოს ზეპირ მატიანეს ერთდროულად.
სტუდენტებზე რას იტყვით, წარსულისა და სამშობლოს დღევანდელი დღისადმი მათ დამოკიდებულებაზე?..
– ყოველთვის კარგი სტუდენტები მხვდებოდნენ. ახალგაზრდობისადმი უფროსების საყვედურები ყველა დროში პროპორციულად ერთნაირია. ვფიქრობ, თანამედროვე ახალგაზრდებიც არ არიან გამორჩეულად უარყოფითები. ტაო-კლარჯეთში ან ირანში მოგზაურობისას მათში მხოლოდ საუკეთესო თვისებებს ვხედავდი და მათ სულიერ ზრდასაც ვაკვირდებოდი. მჯერა,  ასეთი ექსპედიციები უკვალოდ არ ჩაივლის..
 – ვიცი, რომ პატარა ბავშვების ფრთოსან საინტერესო გამონათქვამებს და დიალოგებს იწერთ, რამდენიმე გამორჩეული გაიხსენეთ
– ბავშვის ენა ზოგადეროვნული ენის სრულფასოვანი ნაწილია და ის სერიოზული მეცნიერული კვლევის ობიექტია. არის ჩვენშიც ასეთი კვლევის ძალიან საინტერესო ცდები, მაგრამ საჭირო ბანკი, ასეთი მონაცემები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. ამ დეფიციტის დასაძლევად ფეისბუქზე გვერდი: „უსმინეთ პატარებს“ შევქმენი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მას აქტიურად გამოეხმაურებოდა სწორედ კოლეგა-ფილოლოგების დიდი ნაწილი და თანდათან დაგროვდებოდა ბავშვის ენისა და ბავშვური ლოგიკის კვლევისათვის საჭირო მასალა. არ ვიცი, სიზარმაცის, არ ვიცი, სნობური თავშეკავების გამო მოსალოდნელი აქტიურობა არ ყოფილა და ეს მონაცემები ძალიან ნელი ტემპით გროვდება, თუმცა დაინტერესებულ ადამიანს ახლაც შეუძლია მიაკითხოს გვერდს და საჭირო ინფორმაცია დაძებნოს, თუ სამეცნიერო ინტერესს ვერ დაიკმაყოფილებს, იხალისებს მაინც, ერთ პატარა ამბავს მოგითხრობთ: პატარა სანდრო ეუბნება ბებიას: – “სანდრო: ბებოოო, ჭიქა გავტეხე… მაგრამ იატაკიც რომ გამეტეხა და ჭერიც, მაშინ გენახა შენ! ეგ კი უკვე ნამეტანი იქნებოდა! ასე რომ, არა უშავს, არა?!“…
თქვენ მიერაღმოჩენილიძველი სიტყვა ან გამოთქმა, გაიხსენეთ, სად და ვისგან გაიგეთ იგი? – ერთ ამბავს მაინც გავიხსენებ: ფერეიდანში საშუალო ხნის კაცმა გვითხრა: როცა გულდასმით და ნელა რამეს ვაკეთებდი, დედა გამიწყრებოდა ხოლმე: „მარგალიტებს ხომ არ აცვამო?“ ვეკითხებოდი, ეგ რას ნიშნავს-მეთქი? – არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ასეთ დროს ამბობდნენო!- ახლა, როცა გავიგე, მარგალიტი ქართულად რას ნიშნავს, მივხვდი, დედაჩემი რასაც ამბობდაო… აი, ასე უბრუნდებათ სიტყვებს მნიშვნელობა ჩვენს დიალექტურ დიასპორებში.
როგორია ცხოვრების, წუთისოფლის ყველაზე ზუსტი განსაზღვრა
– ცხოვრება? ცხოვრება ტექსტია… უფრო სწორად, დიდი ტექსტური კორპუსი, რომელშიც ღირებულებები საკვანძო სიტყვის როლს ასრულებენ… სიტუაციები, რომელშიც ჩვენ ამ ღირებულებებს ვიძენთ, ან ვკარგავთ.. ტექსტი, ანუ გაფართოებული კონტექსტი ჩვენი ცხოვრების გზაა, რომელზეც თანაბრად გვხვდება სიხარული და ტკივილი, ჯილდო და მახე.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები