სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის საქმიანობას გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საქმიანობას და ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ დოკუმენტებს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა მეფე ვახტანგ VI-ის საიუბილეო გამოფენა დაათვალიერეს. ამასთან, შესაძლებლობა მიეცათ, ქართული პერიოდული პრესის – „დროების”, „ივერიისა” და „ცნობის ფურცლის” პირველი გამოცემები ეხილათ.
სკოლის მოსწავლეები საარქივო დოკუმენტების რესტავრაციითაც დაინტერესდნენ. მათ ეროვნული არქივის რესტავრატორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს დოკუმენტების რესტავრაციის მეთოდებისა და პრინციპების შესახებ.
მოსწავლეების სტუმრობა დოკუმენტური ფილმის – „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა”- ჩვენებით დასრულდა. 2024 წელს ეროვნული არქივის თანამშრომლების მიერ გადაღებული ფილმი (რეჟისორები: ქეთევან ასათიანი და შალვა მიქუტიშვილი) შიო-მღვიმის მონასტრისადმი მეფე დავით IV-ის ანდერძის ისტორიულ მნიშვნელობას შეეხება.
საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების ისტორიულ ღირებულებაზე ინფორმაცია მიაწოდოს.