თენგიზ შარმანაშვილი – BBC-ის სტატიაზე: იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის
„იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს ის როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაბიჯი იყო აბსოლუტურად ადეკვატური; 2 მიმართულებით დაიწყება გამოძიება – ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება (თუ ვინმემ თეორიულად გაბედა და ასეთი რამე გააკეთა) და ასევე უცხო ქვეყნის ორგანიზაციისათვის საქართველოს საწინააღმდეგოდ დახმარების გაწევა. იმდენად აშკარაა ეს ტყუილი, შეუძლებელია დაიმალოს ის როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს შარმანაშვილი.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.