პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა
ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერის გახსნას პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართეს სკვერის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას.
სკვერის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე უძღვებოდა. სკვერის საზეიმო გახსნაზე პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბრიტანეთის ელჩს მიესალმა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა თბილისელებს. „ვისურვებდი, ყოველი დღე თბილისობის განწყობაზე გვქონდეს საქართველოს მოქალაქეებს. ვუსურვებდი ყველას- ქალაქის მერს, საკრებულოს, მთავრობას, პარლამენტის წარმომადგენლებს, ვიშრომოთ და ვიღვაწოთ ისე, რომ თბილისელებს ყოველი დღე უხაროდეთ, მაგრამ ეს ერთი დღე განსაკუთრებული, გამორჩეულად სასიხარულო და სასიამოვნო იყოს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. „დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ დიდი ბრიტანელი მოღვაწის, ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წლისთავს. ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები კიდევ უფრო მოხარულნი ვართ, რომ ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი სწორედ პარლამენტთან ახლოს მდებარეობს. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერიას, ქალაქის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება სულ მცირე ხნის წინ მიიღეს“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა სტუმრებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი წლის თავზე სკვერში ოლივერ უორდროპის ძეგლი დაიდგმება, რომლითაც სამარადჟამოდ იქნება უკვდავყოფილი დიდი ინგლისელი მოღვაწის სახელი. როგორც მისი თქმით, დღეს საქართველოში ძნელია მოიძებნოს წიგნიერი მოქალაქე, რომელსაც ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელი არ აქვს გაგონილი. თუმცა მისივე განმარტებით, საზოგადოების დიდი ნაწილი და-ძმა უორდროპებს მხოლოდ კულტურის მოღვაწეებად მიიჩნევს და იცის, რომ მარჯორი უორდროპმა ინგლისურად თარგმნა ვეფხისტყაოსანი, ოლივერ უორდროპმა თარგმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მათ შორის, სულხან-საბას შემოქმედება. „სინამდვილეში ოლივერ უორდროპი იყო დიდი ბრიტანეთის პირველი კომისარი, ანუ დღევანდელი გაგებით, სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში 1919-1920 წლებში, ანუ იმ წლებში, როცა საქართველო დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დამკვიდრებას ცდილობდ და, მე არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ოლივერ უორდროპის სახით მაშინდელ საქართველოს ჰყავდა ყველაზე ერთგული არაქართველი გულშემატკივარი. ვინც იცნობს მის წერილებს, მის ნაშრომებს, მის მიერ ლონდონში გაგზავნილ ანგარიშებს, დამეთანხმება, რომ იგი ზოგჯერ ჩვენზე, ქართველებზე მეტად და ღრმად ერკვეოდა ძალიან ბევრ საკითხში იმისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველო ფეხზე დამდგარიყო, იმისთვის, რომ აგვეცილებინა ბოლშევიკების შემოჭრა სამხრეთ კავკასიაში“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მან აქვე გაიხსენა ოლივერ უორდროპის საქართველოში ჩამობრძანების ცერემონია და ქართველი ერის დახვედრის ისტორიულად ცნობილი ფაქტი. „ვსარგებლობ შემთხვევით და ქალბატონ ელჩს მადლობას მოვახსენებ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან სწორედ ასეთი მოღვაწე იყო წარმოგზავნილი. მას შემდეგაც დიდი ბრიტანეთი ცდილობს, ეს სტანდარტი შეინარჩუნოს და საქართველოში ყოველთვის მოვლენილნი არიან განსაკუთრებული დამსახურების მქონე და გამოჩენილი მოღვაწეები“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ თბილისობის და ოლივერ უორდროპის დაბადების 150 წლისთავის აღნიშვნა, არამედ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, პარტნიორიული თანამშრომლობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და იმის იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მჭიდრო ურთიერთობა. „ის, რაზეც ოლივერ უორდროპი ოცნებობდა, ნამდვილად ასრულდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას წარმოედგინა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ დღეს ოლივერ უორდროპის სკვერის გახსნაზე იმყოფება . მისივე განცხადებით, ოლივერ უორდროპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო დიდ ბრიტანეთთან დაახლოებულიყო და ამ ორ ქვეყანას შორის სიყვარული და ურთიერთგაგება დამკვიდრებულიყო. „ოლივერ და მარჯორი უორდროპებს საქართველო მთელი გულით უყვარდათ. დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ნამდვილად ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ იმის დანახვით, როგორი ძვირფასები არიან ისინი ქართველებისთვის და როგორ ახსოვთ საქართველოში ისინი დღეს. უორდროპების სულისკვეთება გრძელდება იმით, რომ დიდი ბრიტანეთი დღესაც ისეთივე მხარდამჭერია საქართველოს წარმატების, დამოუკიდებლობის და ევროპასთან ინტეგრაციის, როგორც ეს იყო ასი წლის წინ. როგორც მე, ასევე ჩემს შემდგომ დიპლომატიურ სამსახურში მყოფი ელჩებიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მისიის შესასრულებლად“ , – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.