ალუდა ღუდუშაური – Eagle Hills-ის ინვესტიციასა და ოპონენტების კრიტიკაზე: ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს არა საზოგადოების ინტერესი ან თუნდაც პროექტის მიმართ ინტერესი, არამედ ქვეყანაში არეულობის სურვილი და ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობა

უტიფრად ცდილობენ, რომ ქართული საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თვალებში ნაცარი შეაყარონ, ქართველი ხალხი ჰგონიათ გულუბრყვილოები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპონენტები ამ საკითხით ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობენ.

„ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ დიდ სურათში და შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივი ანალიზით მივიდეთ იმ მარტივ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს არა რაღაც ქართული ინტერესი ან საზოგადოების ინტერესი, ან თუნდაც პროექტის მიმართ ინტერესი, არამედ, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ქვეყანაში არეულობის სურვილი და როგორმე ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობა.

ჩვენ როდესაც ოპონენტებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველანი საუბარს იწყებენ პროექტზე, თუმცა სიღრმეში შესვლაზე თავს არიდებენ და შემდეგ გადადიან საუბარზე, რომ ეს არის თურმე ქართული ინტერესებისთვის საზიანო. როდესაც „ლელო“ „ბუსტავს“ ამ საკითხს და მისი სპიკერები აქტიურობენ, საუბრობენ იმაზე, თითქოს რაღაც უჩვეულო ხდება, სინამდვილეში კი, ანაკლიის ხელშეკრულება, რომელიც პორტთან დაკავშირებით, სწორედაც „ლელოს“ ლიდერებმა თუ მისმა დამფუძნებლებმა განახორციელეს, მთლიანად არის კომერციული საიდუმლოების ქვეშ დაკეტილი. მოსახლეობას რომ მივმართო, როდესაც გამოდიან და უტიფრად ცდილობენ, რომ ქართული საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თვალებში ნაცარი შეაყარონ, ეს არის მორიგი ამორალური მცდელობა იმისა, რომ ამათ ქართველი ხალხი ჰგონიათ გულუბრყვილოები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები