ეკა ბესელია: უშიშროების საბჭოს გამო ვიზიტები არ უნდა ჩაიშალოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მას მიაჩნია, რომ ვიზიტი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა ჩაიშალოს, რადგან ის შეიძლება თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი იყოს.
“უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა ფორმატით შეიკრიბება საბჭო და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.
მე არ ვიცი, ვინ შეძლებს მონაწილეობას და ვინ არა, მაგრამ ვინც შეძლებს, ალბათ, დაესწრება საბჭოს სხდომას. ზოგჯერ, შეიძლება თავისი შინაარსით და მიზნით იყოს ისეთი მნიშვნელობის ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ჩაიშალოს. უშიშროების საბჭოს სხდომა, მიუხედავად საკითხის ძალიან დიდი მნიშვნელობისა და შინაარსისა, ბუნებრივია, ვერ გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამიტომ, ბევრი ვიზიტი შეიძლება იყოს ისეთი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის, რომლის ჩაშლაც არ შეიძლება”,- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის დანიშნული. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი საფრანგეთსა და გერმანიაში. ამიტომ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის აზრით, თუ სხდომას მუდმივმოქმედი წევრები არ ესწრებიან, მის გამართვას აზრი არ აქვს.