ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, სახელმწიფოს დივიდენდი Eagle Hills-ის პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი, მოჰამედ ალაბარს და Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი
სახელმწიფოს დივიდენდი Eagle Hills-ის პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისმის სპეკულაციები, არის თუ არა პროექტი მომგებიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა.
“ჩვენ ვთქვით საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან იქნება ჯამში, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი. რადგან ჩვენი არის 1/3 და Eagle Hills-ის 2/3, შესაბამისად, Eagle Hills-ის დივიდენტი იქნება, დაახლოებით, 4 მლრდ ლარი, რაც არის 1.5 მლრდ დოლარი. Eagle Hills-ი დებს ამ საინვესტიციო პროექტში ჯამში 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ოპტიმალურ ამონაგებად მიიჩნევა 25%-მდე ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტებისათვის. 25%-მდე თუ გაქვს ამონაგები, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება შესაბამისი ინვესტორისთვის, კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში, ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია Eagle Hills-ის მოგება, ეს არის 23%.
უწუნებენ კომპანია Eagle Hills-ს, ამხელა გამოცდილების მქონე კომპანიას, საკუთარ დათვლებს და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა, თუმცა შეუძლიათ, გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა ცოტა 23%. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია Eagle Hills-ი. აქაც სპეკულირებენ, მარტივად იტყუებიან და ზოგადად, არ არის ღირსეული საქციელი ასე სპეკულირება, მით უმეტეს, რომ ჩვენ დეტალურად განვმარტეთ ყველაფერი, მათ შორის, მოგებასთან დაკავშირებით. თავიდანვე იწყებენ ტყუილით და მერე ამ ტყუილზე აგებენ საკუთარ ალოგიკურ დასკვნებს. ამბობენ, რომ თითქოს კომპანია 10 წლის თავზე ამოიღებს ამ 1.5 მლრდ დოლარს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უთქვამს, პირიქით, ჩვენ განვმარტეთ, რომ, როგორც სახელმწიფო, დივიდენდის სახით და ისე კომპანია, Eagle Hills-ი, ბუნებრივია, ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას. შესაბამისად, თვითონვე იტყუებიან თავში, რომ 10 წლის თავზე იქნება მოგება ამოღებული, ინფლაცია შეჭამს ამ მოგებას და შესაბამისად, რეალური ამონაგები იქნება არა 23%, არამედ ბევრად ნაკლები, თავშივე ტყუილს ამბობენ და მერე ამაზე აგებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს Eagle Hills-ის მოგება არ იქნება საკმარისი.
რეალურად, როგორც ეს ხდება სტანდარტულად დეველოპერულ პროექტებში, ეტაპობრივად მოხდება ინვესტიციის ამოღება, მოგების მიღება ინვესტიციიდან. შესაბამისად, კომპანიას დარჩება სუფთა 23% მოგება, რაც არის ზუსტად მიახლოებული ოპტიმალურ, 25%-იან, მაქსიმალურ მაჩვენებელთან. მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური და მძიმე წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან. ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.