ეკა სეფაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს: „ხალხის ძალის” სახელით, გთავაზობთ ინიციატივას – EAGLE HILLS-ის პროექტზე არსებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს
„ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, EAGLE HILLS-ის პროექტზე სასაუბროდ მივიდა, საკითხთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართა.
ეკა სეფაშვილის თქმით, „ხალხის ძალის” სახელით, წარადგენს ინიციატივას, რომ EAGLE HILLS-ის პროექტზე არსებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს.
„ბატონო პრემიერო, „ხალხის ძალის” სახელით ასეთი ინიციატივა გვაქვს, განსახილველად წარმოგიდგენთ და კარგი იქნება, თუ ასეთი მიდგომის შესახებ ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ – ხომ არ იქნება კარგი, რომ ეს ხელშეკრულება გავასაჯაროოთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საიდუმლო კომერციული ინფორმაციის ისევ და ისევ კონფიდენციალურად შენახვით, იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ამ უსაფუძვლო, უსაგნო კრიტიკას და დეზინფორმაციას? რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად შეშინდა და მართლა ჰგონია, რომ რაღაც საშინელება შეიძლება მოხდეს საქართველოში, ეს ხალხი დამშვიდდეს. გთხოვთ, ამ ინიციატივის განხილვაზე ვიფიქროთ”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.