ეკა ბესელია “ნაციონალების” მიერ დაანონსებულ აქციას მორალურად გაუმართლებელს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აცხადებს, “დამნაშავეებთან და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებთან ერთად აქციაში მონაწილეობა მორალურად გაუმართლებელია”.
“საინტერესოა, ვის უწყობენ აქციას, საკუთარ თავს?! “ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, რაც მოხდა აფხაზეთში, მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ამ თემაზე აწყობდნენ აქციას, მოუწოდებდნენ საზოგადოებას, შეუერთდნენ აქციას. დამნაშავეებთან და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებთან ერთად აქციაში მონაწილეობა ჩემი აზრით, მორალურად გაუმართლებელია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის” გასაპროტესტებლად 15 ნოემბერს აქციას გამართავს. პარტიებს ლიდერებმა კონსულტაციებისა და დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვისკენ მოუწოდეს.