“განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია, მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას” – იონათამიშვილი
“განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლების გარეშე შეუძლებელია, მიჰყვეს საქართველო პროგრესს და განვითარებას, რაც საერთაშორისო დონეზე არსებობს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.
ამასთან, იონათამიშვილმა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის მიმართ კრიტიკულ კომენტარებზეც ისაუბრა.
„რაც უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო შიშვლდება ოპოზიციის რეალური სახე. ჩვენ ვხედავთ ქსენოფობიას და ისტერიას მათი მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული და ძლიერი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული, რომ მათ ქვეყნებში მსგავსი ინვესტიციები ხორციელდებოდეს. ამით საქართველომ არაერთ ქვეყანას გადაასწრო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის და შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ასეთი ინვესტიციები ხორციელდება, ეს არის დამატებითი ბუსტი იმისთვის, რომ სხვა საინვესტიციო მსხვილი ჯგუფებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და ნიშნავს იმას, რომ სტაბილურობა და მშვიდობა გარანტირებული იქნება ქვეყანაში“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.