“არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ვალდებულება ჰქონდეთ, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება” – გიორგი კახიანი
“არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი იმგვარად, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთგვარი ვალდებულება ჰქონდეთ, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა.
კახიანი ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული.
„ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ამით ჯერ კიდევ პირდაპირ არ იკვეთება ის, რომ, ევროკავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, თავისი კანონმდებლობით აღიაროს ერთნაირსქესიანთან ქორწინება, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთ მიდის.
არ გამოვრიცხავ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ძალიან მალე დადგეს დღის წესრიგში საკითხი იმგვარად, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთგვარი ვალდებულება ჰქონდეთ, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ის, რაც ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მიუღებელია.
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. როდესაც ჩვენ ვხედავთ იმგვარი შინაარსის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, ბუნებრივია, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.