შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მიწვევით, ჩინეთში ვიზიტი განახორციელა, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნებს ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მინისტრთან ჩენ რუიფენგთან, ჩინეთის ხალხთა ეროვნული კონგრესის ეთნიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბეინ ჩაოლუსთან, მინზუს უნივერსიტეტისა და ეთნიკურ კულტურათა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებისას, ორი ქვეყნისთვის აქტუალური მიდგომებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მხარეებს შორის შედგა სამომავლო პრიორიტეტებზე ხედვების ურთიერთგაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების შესაძლო გზებზე მსჯელობა. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია 2023 წელს საქართველოს ეწვია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გაცნობის მიზნით.