„ქვეყანამ უახლეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად შეინარჩუნა მშვიდობა და როგორი საწყენია, რომ აგენტურად გადაქცეული ადამიანები ასე დაჟინებით ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაქცევას” – გიორგი სოსიაშვილი
„ჩვენმა ქვეყანამ უახლეს ისტორიაში ასე ხანგრძლივად შეინარჩუნა მშვიდობა და როგორი საწყენია, რომ აგენტურად გადაქცეული, უცხო ქვეყნის ძალებისგან მართული ადამიანები ასე დაჟინებით ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაქცევას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს.
“ოღონდაც არ შერცხვნენ თავიანთი პატრონების წინაშე და მათთვის ბომბების წვიმა ოცნებად და ნატვრად გადაქცეულა. ამაზრზენად იქცა ევროკავშირის სტრუქტურებში მოკალათებული ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, თითქმის ყოველდღე, ჩვენი ხალხის ასე დაჟინებით ამოჩემება. ვერასდროს იფიქრებდა ევროგაერთიანების ერთ-ერთი ინიციატორი – მიხეილ მუსხელიშვილი, იგივე მიშელ მუსხელი, რომ დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ თანაშემოქმედ ქვეყანას 21-ე საუკუნეში ის პოლიტიკოსები დააბულინგებდნენ ამგვარად, რომლებიც გამჭვირვალობის, ოჯახური ტრადიციებისა და თანასწორობის წინააღმდეგ გამოდიან.
დიახ, ჩვენ გვინდა ევროპა – ჯანსაღი ევროპა! ჩვენ მივილტვით ამ ჯანსაღ ევროპულ ოჯახში, რომელიც ქრისტიანული ფასეულობებით არის გაჯერებული. გულსატკენია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მომსწრე ხალხს, რომელსაც სისხლი აწვიმდა, განსაკუთრებით კი მავთულხლართებთან მცხოვრებ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვინც საკუთარი შვილები დაკარგეს, ჭკუას გვასწავლიან მარტა კოსი, კუბილიუსი და სხვანი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგია, მთავარი მიზანი ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების შენარჩუნებაა. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია თითოეულ ქართველზე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. ჩვენთვის ყველა გაერთიანებაზე მაღლა ჩვენი სამშობლო, ეროვნული ფასეულობები დგას და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაში მზად ვართ, ყველა დარტყმა მივიღოთ. ჩვენ არ შეგვაშინებს არანაირი სანქციები და შანტაჟი. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რასაც დიდი ილია ჭავჭავაძის გზა ჰქვია“, – ამბობს სოსიაშვილი.