ნინო წილოსანი – მარკ რუტეს განცხადებაზე: საქართველო-ნატოს ურთიერთობაში ვისაც შეშფოთების რაიმე საფუძველი აქვს, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ ვერ იგრძნო ნატოს მხარდაჭერა
„საქართველო-ნატოს ურთიერთობაში ვისაც შეშფოთების რაიმე საფუძველი აქვს, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ ვერ იგრძნო ნატოს მხარდაჭერა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მარკ რუტეს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამდენი წლის განმავლობაში საქართველო ფაქტობრივად ღია კარში დგას, არც ნატოში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ.
„საქართველო-ნატოს ურთიერთობაში ვისაც შეშფოთების რაიმე საფუძველი აქვს, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ ვერ იგრძნო ნატოს მხარდაჭერა დაწყებული 2008 წლის ომის უმძიმესი დღეებიდან, როდესაც ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო ნატოს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს ნატოში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა რუსული აგრესია. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში საქართველო ფაქტობრივად ღია კარში დგას, არც ნატოში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“.