პაპუაშვილი – ზურა გირჩი ჯაფარიძეზე: ზოგადად, რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს, არის ტრაგედია უგმიროდ
„ზოგადად, რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს, არის ტრაგედია უგმიროდ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეზე საუბრისას აცხადებს.
ის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა და განმარტავს, რომ ციხეში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მიმართვის უფლება ყველა პატიმარს აქვს, ჯაფარიძემ კი ამ უფლებით არ ისარგებლა.
“ძალიან უნდა გმირობა, მაგრამ ამის არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის, არც პირობები აქვს, იმისთვის რომ თავი გმირად წარმოაჩინოს. გახსოვთ, მისი დაკავების დღე, ის თეატრალური დრამა, რაც დადგა, თითქოს მოხდა მსოფლიო ტრაგედია, იმის გამო, რომ დააკავეს. ახლაც იგივეა – „დრამაქვინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს [საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება] და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ამ ყველაფერზე. სამარცხვინოა ის, თუ როგორ ცდილობს „დრამაქვინობით“ გმირად წარმოაჩინოს თავი. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ პატიმარს ეხება – გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მიმართოს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. არავითარი უფლება არ აქვს გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლია მიმართოს და შემდეგ გადაწყვეტილება თითოეულ პატიმართან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიიღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.