თენგიზ შარმანაშვილი – „იმედის კვირის“ ექსკლუზივზე: ნებისმიერი სქემა, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ პასუხობს, ის არის კანონის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი
„ნებისმიერი სქემა, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ პასუხობს, ის არის კანონის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან ონლაინ მედია პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, თითქმის 18 მილიონამდე ლარის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისარმა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებს ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით დაფინანსების გამოყოფაზე და რა თქმა უნდა ეს მილიონები კეთილშობილურ საქმეებს ვერ მოხმარდება.
„ნებისმიერი სქემა, რომელიც ქართულ კანონმდებლობას არ პასუხობს, ის არის კანონის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. თვითონ ევროკომისარმა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებს ამის გასაკეთებლად, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით და რა თქმა უნდა ეს მილიონები კეთილშობილურ საქმეებს ვერ მოხმარდება, იმიტომ რომ როდესაც რაიმე ორგანიზაცია ან ფონდი კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, პირიქით ის ცდილობს ამას რეკლამირება გაუკეთოს, მაგრამ როდესაც ამის დამალვას იწყებს, უკვე კითხვაც აღარ რჩება. ნათელია, რომ ამას იყენებს დესტაბილიზაციისთვის, სხვა არაკანონიერი ქმედებისთვის. როგორ შეიძლება ეს დაიჯეროს ვინმემ, რომ 18 მილიონი შეაგროვა ხალხმა და გადასცა მათთვის სრულიად არაცნობილ ორგანიზაციებს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, მათ გაშიფრეს მასშტაბური სქემა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.