უპირველეს ყოვლისა, მე კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ.
„მეორე, რაც დაადასტურა დღეს სასამართლომ, არის ის, რომ ის წესები, რომლებიც მათ შორის საბანკო-საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ეს წესები ძალიან ადვილად ირღვევა, როდესაც არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე წელია ეს დავა მიმდინარეობს და ვნახეთ როგორ თავხედურად, უხეშად, ისტორიულად და ზოგადად, მსოფლიო საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის გამოყენებით, Credit Suisse-ის გამოყენებით როგორი ავაზაკური რეკეტი განხორციელდა. ამას ასე თავხედურად, ღიად, შუაგულ შვეიცარიაში აკეთებს ბანკი დაუსჯელად. ამას დღისით, მზისით ავაზაკურად უყურებდა მთელი ევროპა, უყურებდა მთელი საბანკო სისტემა, ევროპის მათ შორის და ნული რეაქცია ჰქონდათ ამაზე.
თქვენ გახსოვთ, მათ შორის ამ დავის მიმდინარეობის პერიოდში სტატიებს უბლოკავდნენ ბიძინა ივანიშვილს. განცხადებებს არ აქვეყნებდნენ მედიაში და რაც აჩვენებდა, რომ არაფორმალური მმართველობა ევროპის კონტინენტზე არა მხოლოდ საბანკო სისტემას მართავს ჩვეულებრივად ხელით, არამედ მედიასაც მართავს პირდაპირ ხელით და ბლოკავდნენ განცხადებებს თუ სხვა სახის მასალას მედიაში ამ დავასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო.