ვოლსკი – უკრაინაში არსებულ ვითარებაზე: სულ არ აინტერესებთ, იქ ბავშვები ტირიან თუ ახალგაზრდები იხოცებიან
“სამშვიდობო გეგმა, მისი შესრულება კონსენსუსამდე მიღწევის სურვილი იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით, ბრიუსელის პოზიცია არის საკმაოდ ხისტი და საეჭვო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
კერძოდ, ის ახალ სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა უნდა დაალაგოს.
„არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელიც წამგებიან პოზიციაში აყენებს უკრაინას. ვწუხვარ, რომ ამ სამშვიდობო გეგმის უკან წინაპირობა უშველებელია – სისხლის და ცრემლის რაოდენობა რაც დაიღვარა, თუმცა, ცივსისხლიანი მსოფლიო პრაგმატიზმი არ ითვალისწინებს. სამშვიდობო გეგმა, მისი შესრულება კონსენსუსამდე მიღწევის სურვილი იქნება დემონსტრირება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ბრიუსელის პოზიცია არის საკმაოდ ხისტი და საეჭვო იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით დახარჯული უშველებელი რაოდენობის თანხების დიდი ნაწილი ვიღაცის ჯიბეებში გაქრა. კორუფციის სკანდალი სახეზეა და, შესაბამისად, ეს შეკითხვებს წარმოშობს – პოლიტიკური და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღმა ხომ არ ბუდობს აქ კიდევ კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაული. სულ არ აინტერესებთ, იქ ბავშვები ტირიან, თუ ახალგაზრდები იხოცებიან“, – აღნიშნავს ვოლსკი.