ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ – მას არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!

ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა, – ასე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, „კრედიტ სუისს“ დავა მოუგო.

ადვოკატის განცხადებით, ამ შემთხვევაში, მთავარია არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჯი, რომლის გათვალისწინებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და აქტივების განკარგვის საშუალებას „დიპ სტეიტი“ მისცემს.

ასევე, თეიმურაზ წიქვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ, ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება.

„ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჟია. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში განვმარტე, ბატონ ივანიშვილს, სწორედ მის მიმართ წარმოებული შანტაჟის გათვალისწინებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები (დიპ სტეიტი) კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, როგორც ცნობილია, თითქოს და „რუსული ინტერესების“ გატარებისთვის საქართველოში – ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და ეს სანქციები სწორედ იმ თანხაზე მიმართა, რომელზეც ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება. გამოდის, რომ ფორმალურ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აქტივი ისევ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) ხელში რჩება და ამ თემას, მომავალშიც შანტაჟისთვის გამოიყენებენ. ამ დროს, ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!

უფრო მეტიც, თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივის გაყინვის საბაბად ეგრეთ წოდებულ სანქციებს იყენებენ, მაგრამ არასოდეს არავის უთქვამს, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესი გაატარა საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ოჯახის წევრებს, მეუღლესა და შვილებს წარმოუდგენლად უხეში ფორმებით შეუჩერეს პირად აქტივზე წვდომა. იგივე აბსურდული მიზეზით ოჯახის წევრების დასანქცირება „დიპ სტეიტისთვისაც“ კი ღრმად არასერიოზული იქნებოდა, ამიტომ მიზეზების ძებნისთვის თავი არ შეიწუხეს და ასე, უბრალოდ, უსაფუძვლოდ, ახსნის გარეშე აქტივზე წვდომა შეუჩერეს.“ – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

წიქვაძის განცხადებით, ვინც ბიძინა ივანიშვილს არარსებული რუსული ინტერსების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდასთან და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ.

ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ ვითარების კომიკურობის თავიდან ასარიდებლად, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მაგრამ, ამის ნაცვლად, შესაძლოა, არაფორმალურმა მმართველებმა ბრიტანული სანქციები გამოიყენონ.

„სწორედ ამ მავნებლური, უსამართლო და ყაჩაღური დამოკიდებულების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. უფრო მეტიც, ვინც მას არარსებული რუსული ინტერსების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდაზე და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ. გავა კიდევ რამდენიმე კვირა და დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები თავად აღადგენს რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს, ამის შემდგომ კი კიდევ უფრო კომიკური გახდება აშშ-ს წინა ადმინისტრაციის სანქციები და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება – „რუსული ინტერესის“ გატარება.

არც ისაა გამორიცხული, რომ ამ კომიკურობის გამოსარიცხად ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მით უმეტეს, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე შემთხვევაში გადახედა პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გამოყენებულ სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეა – თუ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ შანტაჟისა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა გაგრძელდეს, შესაძლოა ამერიკულის ნაცვლად ბრიტანული სანქციები გამოიყენონ. ეს ერთი სხეულის ორი ხელია და რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ვამბობთ, რომ იქამდე, სანამ გრძელდება მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიმართ, არანაირი სამართლებრივი გამარჯვება შედეგის მომტანი არ იქნება.” – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები