“კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაინტერესებული არიან არჩევნების ამა თუ იმ შედეგით დამთავრებაში – მათ საკმაო რესურსი აქვთ, რათა ზემოქმედება მოახდინონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე” – ვოლსკი
“კონკრეტული ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაინტერესებული არიან არჩევნების ამა თუ იმ შედეგით დამთავრებაში. მათ საკმაო რესურსი აქვთ, რათა ზემოქმედება მოახდინონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
ის არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებას გამოეხმაურა.
„გაგიკვირდებათ და ქართველები, რომლებიც რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს მხარს უჭერენ, ამ კონკრეტული ქვეყნების ადმინისტრაციების დახმარებით ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს იმ ქართველებზე, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. მთელ რიგ შემთხვევაში არაჯანსაღი ვითარებაა შექმნილი. არაერთი ადამიანია, ვისაც არჩევნებზე მისვლა და ხელისუფლების მხარდაჭერა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. უფრო მეტიც, ყველას ემუქრებოდნენ, რომ დეპორტაციის საკითხს დააყენებდნენ, სიებს შეადგენდნენ და შედგა კიდეც ასეთი სიები, რომლებიც გარკვეულ ადმინისტრაციებს გადაეცათ, რათა დასჯილიყო ის ხალხი, ვინც მათ პოზიციას არ იზიარებდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ – უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება – ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.