“დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ; თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის” – შალვა პაპუაშვილი
“დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ; თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რაც რეგიონული თანამშრომლობის, დიალოგისა და მდგრადი განვითარებისადმი თქვენს ერთგულებას წარმოაჩენს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ორგანიზაციის ფუნქციონირების შენარჩუნება და ამ განსაკუთრებული ფორმატის გამოყენება დიალოგის, გაცვლების და ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შედეგების ხელშეწყობისთვის.
ბოლო წლებში, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესამჩნევად გაიზარდა. ჩვენი გეოგრაფიული სივრცე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, ყოველთვის იყო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და დღეს, მრავალი გამოწვევისა და რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ყველა იმ სფეროში თანამშრომლობისთვის, რომლებიც ჩვენს რეგიონს უფრო სტაბილურს, უსაფრთხოსა და განვითარებულს გახდის. ამ მხრივ, მშვიდობა ყველაზე ფუნდამენტური წინაპირობაა. გრძელვადიანი მშვიდობა არა მხოლოდ სასურველი პირობაა, არამედ ის საფუძველია, რომელზეც უნდა აშენდეს კეთილდღეობა, მედეგობა და საერთო ზრდა. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართალზე და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაზე.
ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ფართო რეგიონის წინაშე არსებულ ისტორიულ შესაძლებლობას: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას.
ადგილზე მშვიდობა უკვე მიღწეულია, რითაც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ლანდშაფტი ტრანსფორმირდება და მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის უზარმაზარი პოტენციალი იხსნება ეკონომიკური კუთხითა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობა – ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური – ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი, დაკავშირებადობის კუთხით, სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას. ისეთმა საფლაგმანო ინიციატივებმა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაჩქაროთ ამ ინიციატივების განხორციელება.
ამასთანავე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს (PDF) სექტემბერში ოფიციალურად დაწყებული საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის – “ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის” – დაფინანსებისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავთ მის პოტენციალს შავი ზღვის პორტების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.