“საარჩევნო კამპანია საქართველოს შიგნით საგარეო ჩარევის მაგალითების ფონზე წარიმართა – სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება იყო ემიგრანტებთანაც” – ქადაგიშვილი
“საარჩევნო კამპანია საქართველოს შიგნით საგარეო ჩარევის მაგალითების ფონზე წარიმართა, სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება იყო ემიგრანტებთანაც, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები აორგანიზებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ, სად უნდა მისულიყვნენ, ვისთვის მიეცათ ხმა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ მოქალაქეებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა.
„სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია ქვეყნის შიგნითაც საგარეო ჩარევის უპრეცედენტო მაგალითების ფონზე წარიმართა. ვხედავდით, როცა საერთაშორისო და დემოკრატიის პრინციპები უგულებელყოფილი იყო, საარჩევნო კამპანიაში უცხოური ძალები იყვნენ ჩართული, მათ შორის სახელმწიფოების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული და არამეგობრული დამოკიდებულება. სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება ემიგრანტებშიც იყო, როცა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები პირდაპირ აორგანიზებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ, სად უნდა მისულიყვნენ, როგორ დარეგისტრირებულიყვნენ, ვისთვის მიეცათ ხმა. როთის ვიდეოები ნახეთ. რაც შეეხება ამერიკას, მრავალი შემთხვევა იყო, როცა გარკვეული პირების მხრიდან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების მხრიდან ხდებოდა პოლიტიკურად მათთვის არასაიმედო ადამიანებზე ზეწოლა, ბულინგი, მუქარა, რომ სპეციალურ სიებს მოამზადებდნენ და იმ ქვეყნის სტრუქტურებში შეიტანდნენ, რათა მათთვის იქ ყოფნის უფლება მოესპოთ. ასეთი ბევრი ფაქტი იყო. დიფ სთეითზე“ ღრმა ფსკერია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, დემოკრატიის, სახელმწიფოს ყველა ნორმას უგულებელყოფ. გინდათ, ამას „დიფ სთეითი“ დაარქვით და გინდათ, „დიფ სთეითის“ ქვემოთ მყოფი ფსკერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.