ალექსანდრე დარახველიძე – დაკავებულ ჟურნალისტზე: დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს 

,,დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე გიორგი მამნიაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი მსგავს ქმედებას სჩადის, ბუნებრივია, მის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიება გატარდება. ჩვენ წარვადგენთ ყველა საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ადამიანის შესახლება ხდება, სავალდებულოა, და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის. შესაბამისად, ხორციელდება ყველა იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ასევე ჩვენი კანონმდებლობით.

შემოწმება მოიცავს გაშიშვლების კომპონენტსაც. გათვალისწინებულია დაწესებულებაში შესახლების დროს. ეს არის სავალდებულო კომპონენტი იმისთვის, რომ თუკი არსებობს რაიმე დაზიანებები მის სხეულზე, დროულად აღიწეროს ექიმის მხრიდან და ეცნობოს დაზიანებები შესაბამის საგამოძიებო სამსახურს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაკისრი გვაქვს სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ რაიმე ტიპის გადაცდომა მოხდა პოლიციის მხრიდან, ექიმი ვალდებულია, თუკი ეს ინფორმაცია მიიღო, დროულად აცნობოს საგამოძიებო ორგანოს და მას ექნება საშუალება, მიაწოდოს გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია, ოღონდ ამას აწარმოებდეს დამოუკიდებელი უწყება და არა შსს“,- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის მიმართ, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, კანონსაწინააღმდეგო და ღირსების შემლახველი მოპყრობა განხორციელდა. ადვოკატის თქმით, გიორგი მამნიაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს. გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები