თენგიზ შარმანაშვილი – პარლამენტთან მოშიმშილეებზე: ეს პროტესტი არ გაამართლებს
„ეს პროტესტი არ გაამართლებს. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. მაშინ ნებისმიერი ადამიანი ასეთ თვითგვემას ჩაიდენს და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტთან მოშიმშილე 9 პირთან დაკავშირებით აცხადებს.
შარმანაშვილი მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
,,წარმოუდგენელია, რომ ამას ვინმე აჰყვეს. მოდი, ადამიანური კუთხით შევხედავ ამას და ისე არ ვიტყვი, როგორც პოლიტიკური ოპონენტი – მე ვისურვებდი, რომ ეს დამთავრდეს. ის ჩემი ოპონენტი არის თუ არა, ჩემი მოქალაქეა და არანაირად არ ვისურვებდი მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. აღარაფერს ვამბობ უფრო მძიმე შედეგზე. მოვუწოდებდი მათ, შეწყვიტონ ეს საკითხი და დაუბრუნდნენ ჩვეულ ოპონირების ფორმებს. თუ ეს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მოშორდება ერთმანეთთან ურთიერთობებს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, მათ შორის, ოპონირების საკითხი,” – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, 9 პირი, მათ შორის გედევან ფოფხაძე, 28-ე დღეა პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობს. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.