„პოზიცია“ ლაშა ტუღუშს „ნაციონალებთან“ კავშირში ადანაშაულებს (ფოტომასალა)
არასამთავრობო ორგანაზაცია „პოზიცია“ ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ და გაზეთ „რეზონანსის“ დამფუძნებელს ლაშა ტუღუშს ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან კავშირში ადანაშაულებს. „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და დოკუმენტებიც წარმოადგინა.
როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, ლაშა ტუღუშის „ნაციონალებთან“ კავშირის შესახებ მან პირველი განცხადება 16 სექტემბერს გააკეთა, რასაც ტუღუშმა დეზინფორმაცია უწოდა და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან“, USAID-თან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე კავშირი უარყო. დღეს კი ადამაშვილმა მოპოვებული დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც, მისივე თქმით, ნათლად ასახავს ტუღუშის არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირს.
„ბატონი ლაშა ტუღუში ამჯერადაც ურცხვად იტყუება და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ მოიძია საჯარო დოკუმენტაცია, რომელიც ფონდ „ლიბერალურ აკადემიას“ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პირდაპირ კავშირს ადასტურებს. ეს გახლავთ ფოტოსურათი, რომელიც „ლიბერალური აკადემიის“ ვებგვერდიდან ამოვიღეთ. აქ წარმოდგენილია 12 დონორი და პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორისაა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“. ბატონ ტუღუშს მისივე ორგანიზაციის ვებგვერდზე დატანილი აქვს ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ არის მისი დონორი და პარტნიორი. გვაქვს ასევე დოკუმენტაცია „პოლიტიკური პლატფორმების შესახებ“. ეს პროექტი ტუღუშმა თავად ჩაატარა, ის აღნიშნავს, რომ მას არანაირი კავშირი USAID- თან არ ჰქონია. დოკუმენტაციის თანახმად კი ვხედავთ, რომ ფონდმა „ლიბერალურმა აკადემიამ“ 2012 წლის 5 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან “ ერთად განახორციელა ეს პროექტი.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო 2012 წლის არჩევნების წინ მოქმედი პარტიების მიზნების და ამოცანების შესწავლა. ამ პროექტის დამფინანსებელი კი USAID-ი გახლავთ“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.
ადამაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში ლაშა ტუღუშის მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის „მოდერნიზაცია საქართველოში“ მიხედვით, ლაშა ტუღუშს ე.წ. ვარდების რევოლუციის გარდამავალი კურსი აქვს მიმოხილული.
„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ პროექტის დოკუმენტაციაში პირდაპირ უწერიათ, რომ ამ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი არის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ე.წ. CIDA, რომელიც უშუალოდ კავშირშია USAID-თან, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან“ და „ევრაზიის ფონდთან“ .
USAID-ი და CIDA ამერიკული ორგანიზაციები არიან, სწორედ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და ამ ორგანიზაციებმა კი ერთობლივად შექმნეს კიდევ „ევრაზიის ფონდი“.
ეს ფონდები პირდაპირ კავშირში არიან. „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მრჩეველთა კომიტეტის წევრები არიან: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლი დავით დარჩიაშვილი, რომელიც იმ დროისთვის „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმოადგენდა და დავით პაიჭაძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ლაშა ტუღუშმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან“ კავშირი არ ჰქონია“,- აღნიშნა გურამა ადამაშვილმა.
ადამაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება საზოგადოებისთვის იმ ადამიანების „ბეგრაუნდის“ გააცნობაა, რომლებიც დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და საზოგადოების „ჭკუას ასწავლიან“, თავიანთი კავშირები კი ავიწყდებათ.