შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

,,არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

„დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს “შესაწირი პაიკის” როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი.

არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩიეს 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები