ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით IV ახალგაზრდული სიმპოზიუმი ტარდება!
16 ნოემბერს ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის სიმპოზიუმის დახურვა და მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს. მათივე ცნობით, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი 2021 წელს ჩატარდა.
სიმპოზიუმი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების: საქართველოს დამსახურებული მხატვრის – მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ – რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით ტარდება.
სიმპოზიუმის მიზანია, ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.
სიმპოზიუმის ფარგლებში, მონაწილეები ქმნიან უნიკალურ ნამუშევრებს, რომელთა გამოფენაც სიმპოზიუმის დასკვნით ეტაპზე ეწყობა. თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა.