ავთანდილ კემულარია, რომელმაც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სცემა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა

ავთანდილ კემულარია, რომელიც  გაზეთ  „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის  ცემის ფაქტზე დააკავეს,  ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელია – ამის შესახებ „კვირას“ ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის  ყოფილმა უფროსმა ანდრო ბარნოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ავთანდილ კემულარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის არქივის განყოფილებაში იყო დასაქმებული.
„ავთანდილ კემულარია  2013 წელს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის   პრესსამსახურის არქივში  მუშაობდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის  ბოლო პერიოდში.  კემულარია სულ რამდენიმე თვე მუშაობდა.  ადმინისტრაციაში მოსვლამდე ის ავღანეთში მსახურობდა და ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა. მან შესანიშნავად იცოდა საქართველოს ისტორია  და კარგად წერდა. ხშირად  სოციალურ ქსელში სხვადასხვა  სახის წერილებსაც აქვეყნებდა“, – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
წერილი, რომელსაც ანდრო ბარნოვი „კვირასთან“ საუბრისას იხსენებს, ავთანდილ კემულარიამ 2013 წლის აპრილში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ის საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავდა. „კვირა“ ავთანდილ კემულარიას მაშინდელ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ავღანეთში ოფი ქართველი ჯარისკაცის – ავთანდილ კემულარიას მიმართვას ავრცელებს.
„მოგესალმებით, ჩემო კეთილო ხალხო, მე, ავთანდილ კემულარია, უკვე მრავალი წელია ვემსახურები საქართველოს და ახლა მიმაჩნია, რომ გვყავს მთავრობა, რომელმაც ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, წყალში ჩაყარა. ,,რა კარგია, ხელფასი მოგვემატაო“,-იტყვის ზოგიერთი ჯარისკაცი, ან ეტყვის სხვა, რომ მეტი რა გინდაო… მაგრამ რის ხარჯზე, ხალხო?
მერე რა, რომ საზღვარი ერგნეთზე დაგვიწესეს? მერე რა, რომ ქალაქ ლაზიკას მშენებლობას აჩერებენ, რომელიც შავ ზღვაზე უდიდესი პორტი იქნებოდა ჩვენთვის (და რომ ძლიერი საზღვაო სექტორის გარეშე არც ერთი ძლიერი ქვეყანა არ არსებობს, ხომ მოგეხსენებათ?!)
მერე რა, რომ ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას აჩერებდნენ, რომელიც მსოფლიოსთან დაგვაკავშირებდა, ოკუპანტი რუსეთის გვერდის ავლით. სამაგიეროდ, უნდა გაეხსნათ სოხუმის რკინიგზა, რაც მხოლოდ ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, რადგან ამით რუსეთი, საქართველო-სომხეთ-ირანის მეშვეობით გადაკეტავდა ევროპა-აზიის გზას. ასევე,  მოგვიწევდა აფხაზური პასპორტის აღიარება, რაც სახელმწიფოს აღიარების ტოლფასია.
მერე რა, რომ დასავლეთი გვაკრიტიკებს და, სამაგიეროდ, რუსეთია კმაყოფილი?
მერე რა, რომ ეკონომიკური კრიზისია? მერე რა, რომ კრიმინალებს მონუმენტებს უდგამენ და ამ დროს, შავ სამყაროსთან მებრძოლებს იჭერენ? მერე რა, რომ მტერთან მებრძოლ გენერლებს იჭერენ, სამაგიეროდ,  ჩვენთვის,  9 აპრილის და 91-93 წლებში გენოციდის მომწყობებს აფინანსებენ?10735902_842398185782676_173476276_n
მერე რა, რომ ჩვენს სახლში შემოჭრილი მტერი მართალი ჰგონიათ (ანუ ლეგალურად შემოვიდნენო იძახიან), მერე რა, რომ აფხაზეთ-ცხინვალის მაღიარებელ ჰამასს, რომელიც პალესტინას მართავს, მხარს უჭერენ გაეროში და ამ დროს უპირისპირდები ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს – ამერიკას და ისრაელს, ამ დროს ამბობ, რომ უი, როგორ ვეომოთ რუსეთს, რომელიც ასეთი დიდია და ძლიერიაო, რომელიც მათ ძლიერებას ვერც შეედრება?
მერე რა, რომ 9 აპრილის შემდგომ,  გაკომუნისტებულებს ვისვამთ პარლამენტის თავმჯდომარედ?  მერე რა, რომ ჯაშუშებს უშვებ, თანაც სამარცხვინოდ.  მათ პოლიტპატიმრად ნათლავენ, თანაც კომპენსაციას უხდი?
მერე რა, რომ სეპარატისტებს უშვებენ და ასევე უხდიან კომპენსაციას.  ჯავახეთში სომხეთის ისტორია ვასწავლოთო (სადაც წერია, რომ ლორე მათია, ვითომ), სომხური ენა ვასწავლოთო, როცა ამ დროს ქართული ვერ გისწავლებია? ყველა საქართველოს მოქალაქეა და ჯერ ქართული ცნობიერება უნდა მივცეთ და მერე უნდა სცენ თავიანთ წარმოშობას პატივი.
მერე რა, რომ პირველივე თვეში პრემიებს ირიცხავს ახალი მთავრობა.  მერე რა, რომ უამრავი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან სხვები? მერე რა, რომ ნეპოტიზმს საჯაროდ ახალისებენ?
მერე რა, რომ შერჩევითი სამართალია და პრორექტორად ნიშნავენ კუნთმაგარ გაუნათლებელ ადამიანს, რომელიც ცემა-ტყეპით გამოირჩევა? როგორი პოლიციელი უნდა აღზარდოს მან?  მერე რა, რომ ჩვენს დასახმარებლად ჩამოსულ, თავგადადებულ სტუმარს ხარჯებს უანგარიშებ? ასეთი საქართველო ვიყავით და გვინდა? ასეთი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით? და კიდევ რამდენი მერე რაა…
მრცხვენია, როცა ჩემი ქვეყნის პრემიერმა არ იცის რამდენი ხნის ისტორია და კულტურა გვაქვს. ჩადის თურქეთში და კუთხეში სვამენ, ბრუნდება და იმავეს აკეთებს, რისთვისაც ძველ მთავრობას აკრიტიკებდა, ოპოზიციიდან. ჩადის აზერბაიჯანში და იქ ბოდიშების მოხდა უწევს, ჩადის სომხეთში და იქიდან იქაური ინტერესებით ჩამოდის, აკრიტიკებენ მას ცივილიზებული სამყაროს ლიდერები, სამაგიეროდ, მტერი, რუსული ხელისუფლებაა კმაყოფილი. აქვე დავამატებდი, რომ მაშინ, როცა ლავროვი აცხადებს: მიშას ავანტიურა რომ არ ყოფილიყო, საქართველოსთან კარგ ურთიერთობას დავამყარებდითო და 2006-ში მაგათ არ გამოყარეს ქართველები? ან სად იყო მიშა 90-იანებში? ან 78-ში, ან 56-ში, ან 21-ში, ან 1801-ში და მთელ მე-19 საუკუნეში? რამდენი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება სანდოარაა, მით უმეტეს, მასთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში?
და მინდა ამ დროს გითხრათ, რომ მეამაყება, როცა ჩემი პრეზიდენტი ჩადის ევროპაში და მას ცივილიზებული სამყაროს ლიდერები ფეხზე უდგებიან და ტაშს უკრავენ, როცა ჩადის აზიაში და იქაური სტუდენტები აღფრთოვანებულები არიან მისი რეფორმებით, როცა მტერი, რუსული ხელისუფლებაც ვერ მალავს აღფრთოვანებასა და სურვილებს მისი რეფორმებისას?
და სწორედ ამიტომაც, მინდა ჩემს ძვირფას ხალხსა და ჩემს ძვირფას თანამებრძოლ ჯარისკაცებს ვუთხრა: მე ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის, ძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის. ფორმით თუ ფორმის გარეშე, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად მარად და ყველგან, ჩემო ძვირფასო საქართველოვ.
ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ, ჩვენ ხომ ყველანი ერთი ლამაზი ქვეყნის შვილები ვართ და მოდით, ყველამ ერთად ვუთხრათ დიდი არა ,,ბაზალეთს’’ და ,,ჰოლმსს’’ იმიტომ, რომ ქართველებმა სწორედ მაშინ დავაშავეთ და დავკარგეთ ბევრი, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ზარბაზნები გამოვიყენეთ და ერთხელ და სამუდამოდ აღვუთქვათ ერთმანეთს ღმერთის წინაშე, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ იარაღს არ აღმართავს და ერთმანეთის წინააღმდეგ არ წავა.
მითხარით, თუ ჩვენ ყველას შეგვტკივა გული საქართველოზე, ხომ არ გვეთანამშრომლა ერთმანეთთან ყველა ქართველს, მიუხედავად მსოფლმეხედველობისა და პოზიციისა?
დიახ, დღეს როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქართველებს ერთიანობა და მივმართავ ყველა ქართველს: მოდით და დავდგეთ ყველანი ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და განვითარებისათვის“, – წერდა ავთანდილ კემულარია მაშინ.967847_842398965782598_762100856_n
სწორედ ამ წერილის შემდეგ დაბრუნდა ავთანდილ კემულარია ავღანეთიდან სამშობლოში და  საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში მუშაობა დაიწყო.  ამჟამად  ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და    პარტიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა  აქციებშიც  ხშირად მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს სამართალდამცველებმა  ავთანდილ კემულარია გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა.
გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს სიტყვის, აზრის გამო, ან/და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მომხდარ ფაქტს  „კვირასთან“ საუბრისას ანდრო ბარნოვი აფასებს. როგორც ბარნოვი აცხადებს, მისთვის ძალადობის ის ფორმა, რაც ავთანდილ კემულარიამ  ჟურნალისტის მიმართ განახორციელა, ყოვლად მიუღებელია. თუმცა,  მას ავთანდილ კემულარია კრიმინალად არ მიაჩნია.
„ძალიან თავდადებული  და  ქვეყნის პატრიოტია. აგრესიული ნამდვილად არ ყოფილა.  ვინც ზაზა დავითაიას  იცნობს,  ალბათ, იქ რაღაც მოხდა ისეთი, რაც ჩემთვის უცნობია. რა თქმა უნდა, დავითაიას ყველა ვიცნობთ, მაგრამ არ დავდევთ და ქუჩაში არ  ვცემთ. ახლა ამის გამართლება არ შეიძლება,  მაგრამ   ვცდილობ, ვივარაუდო, რაღაც მოხდა.  მე ასეთ ავთანდილ  კემულარიას ნამდვილად არ  ვიცნობ, პირიქით, როდესაც ეს ამბავი გავიგე,  შევწუხდი, მე ყოველგვარ ძალადობას ვეწინააღმდეგები. მე ავთოს კრიმინალს ვერ ვუწოდებ. ზოგადად, ეს  არ არის მისაღები. არავის  არ უნდა გაუსწორდე ფიზიკურად, მით  უფრო ქუჩაში, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე  ამ ადამიანის მოსაზრებას“, –  აღნიშნა  ანდრო ბარნოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები