სოფლის განვითარების სააგენტო „ტექნიკური დახმარების პროგრამაში“ განაცხადების მიღებას იწყებს
სოფლის განვითარების სააგენტო ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადებს მიმდინარე წლის 7 ნოემბრის 12:00 საათიდან მიიღებს. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია მიზნობრიობების მიხედვით და მერყეობს 6,000 ლარიდან 40,000 ლარის ფარგლებში.
პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას შემდეგი მიზნობრიობებით:
• სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების მომსახურების თანადაფინანსება;
• ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსება;
• უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამას ახალი მიზნობრიობა უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა.
ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება. ხოლო, უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია), სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, ასევე, არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ტექნიკური დახმარების პროგრამაში განაცხადები მიიღება, როგორც ელექტრონულად
ელ.ფოსტისdocument@rda.gov.ge საშუალებით, ასევე მატერიალურად სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში;
პროგრამის მიზანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, მიკვლევადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა თანადაფინანსების გზით.
პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მითითებულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge