მსაჯების მიერ ფსონების დადების ბრალდების გამოძიების ფარგლებში 18 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცველებმა დააკავეს 18 პირი, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საფეხბურთო მსაჯები, ასევე ერთი კლუბის პრეზიდენტი, სპორტულ მატჩებზე არალეგალური ფსონების დადებისა და შესაძლო მატჩების მანიპულირების საქმის გამოძიების ფარგლებში.

როგორც Reuters-ი იუწყება, ოპერაციები ქვეყნის 11 პროვინციაში ჩატარდა. სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში, რაც დაკავშირებული იყო არალეგალურ ფსონების ქსელთან.

გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ თურქეთის საფეხბურთო ფედერაციის რეგისტრში მყოფი ასობით მსაჯი შესაძლოა მონაწილეობდა ონლაინ ფსონების სისტემაში, მათ შორის ზოგიერთს საკუთარი სახელით ჰქონდა აქტიური ანგარიშები.

თურქეთის საფეხბურთო ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია სრულად თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან და „ნულოვან ტოლერანტობას“ აცხადებს ნებისმიერი სახის კორუფციული ქმედების მიმართ.

გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები