რელიგიური დაპირისპირების განსამუხტად ელისო ჩაფიძე კომისიის შექმნას ითხოვეს
„ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სპეციალურმა კომისიამ უნდა მოაგვაროს“. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც საკითხს შეისწავლის. თუ ადამიანი სპეციალისტი არ არის, მას ძალიან გაუჭირდება, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ძეგლს კულტურულ-რელიგიური დანიშნულება გააჩნია თუ არა. იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ამ ადგილას ადრე ქრისტიანული კულტურის ძეგლი გახლდათ, შემდეგ კი მუსლიმური კულტურის ძეგლი აღიმართა, რომელიც ჩვენთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც ქრისტიანული ძეგლი“ – აღნიშნა ჩაფიძემ.
მისივე განცხადებით, კომისია რელიგიის საკითხების სპეციალისტებით უნდა დაკომპლექსტდეს, რომელიც ძეგლის ისტორიულ -კულტურული დანიშნულებას შეისწავლის და ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხის გადაჭრის რეკომენდაციებს მისცემს.
ჩაფიძემ მუსულმან ქართველებსაც მიმართა და სთხოვა, არ წამოეგონ დაგეგმილ პროვოკაციებს და საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გამოხატონ.
„მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ ძმებსა და დებს მივმართო და ვუთხრა, რომ ყველა საკითხის მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ მზად ვართ, პარლამენტშიც ვიმსჯელოთ აღნიშნულ პრობლემაზე, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ არ წამოეგონ დაგეგმილ პროვოკაციებს. ასეთი ტიპის დაპირისპირებით, როგორც წესი, ჩვენი საშინაო თუ საგარეო მტრები სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სტაბილურობის თვალსაზრისით საპროტესტო ფორმები უნდა ჯდებოდეს კონსტიტუციურ ფარგლებში. მათ არ უნდა გადალახონ ეს ზღვარი და ისე დაიცვან საკუთარი უფლებები. მუსლიმების უფლებების დარღვევას საქართველოში არავინ არ აპირებს“ – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ „კვირას“ პრესკლუბში.