მარგველაშვილი იაპონიის მთავრობას რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ინფორმაციას მიაწვდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელობასთან ხვალ შეხვედრებს გამართავს და მათ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, მთავარი ამოცანაა, მსოფლიოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი რაც შეიძლება მაღლა იდგეს. “ეს იყო მთავარი თემა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში აქამდე გამართულ შეხვედრებზეც. ფაქტობრივად, ყველა შეხვედრა ამით იწყებოდა. პრეზიდენტს აქამდეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ ის, რაც ხდება რუსეთის სამეზობლოში და რასაც რუსეთი ეძახის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკას, საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს სჭირდებათ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, საფრთხეების და პრობლემატიკის ერთიან კონტექსტში განხილვა, რადგან არა მხოლოდ შეჩერდეს ეს აგრესიული პოლიტიკა, არამედ რეალურად გადაწყდეს საკითხი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იაპონიის მხრიდან საქართველომ მიიღო სრული მხარდაჭერა და აღინიშნა, რომ დაუშვებელია ის ნაბიჯები, რასაც დგამს რუსეთის ფედერაცია. საქართველოს პრეზიდენტს ხვალ ექნება შეხვედრები იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეს საკითხი წამოიწევს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ზუსტად ის, რომ მსოფლიო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი, რაც შეიძლება უფრო მაღლა იდგეს. პრეზიდენტი სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩვენ ტერიტორიიდან ტერიტორიამდე კი არ უნდა დავდევდეთ პრობლემებს, დავუშვათ სოხუმიდან დონეცკამდე, ან ცხინვალიდან ლუგანსკამდე, არამედ ეს ერთიან კონტექსტში უნდა იყოს განხილული. არაერთხელ დაუფიქსირებია პრეზიდენტს, რომ თუკი არსებობს სუსტი წერტილები ევროინტეგრაციის უსაფრთხოებაში, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ახალი დემოკრატიების დაცვის გარანტიები და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოც და უკრაინაც. ერთიან პოლიტიკასა და მიდგომაზე უნდა იყოს შეთანხმება”, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები