დავით ზალკალიანმა ეუთოს წარმომადგენლებთან რუსეთის მხრიდან მორიგ ანექსიაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ელჩ ანჯელო გნედინგერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების 8 ოქტომბერს გამართული რაუნდის შედეგები და ხაზი გაუსვეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, უპირველესად, ძალის გამოუყენებლობასთან, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან და დევნილი მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება შეფასდება როგორც საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული მორიგი ნაბიჯი. ამასთან, აღინიშნა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმება შეაფერხებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე პროგრესის მიღწევას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები