ხილი და ბოსტნეული უფრო ბედნიერს გვხდის

ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი მოხმარებული ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობასა და ბედნიერების, სიმშვიდის განცდას შორის. ეს ფაქტი დიეტასა და ყოველდღიურ ემოციებს შორის კავშირის შესწავლისას გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ დღის რაციონში ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობის მომატების კვალობაზე ახალგაზრდები უფრო ენერგიულად და ბედნიერად გრძნობენ თავს.
კვლევაში მონაწილეობდა 281 პირი. მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 20 წელი იყო. ყველა ცდისპირი 21 დღის განმავლობაში საკვების მოხმარების ინტერნეტ-დღიურს ავსებდა.
წინასწარ ყველა ცდისპირმა შეავსო ანკეტა, რომლის კითხვები ეხებოდა სიმაღლეს, წონას, სქესსა და ეთნიკურ კუთვნილებას. რა თქმა უნდა, კვლევიდან გამოირიცხა სხვადასხვა სახის საკვები აშლილობის მქონე პირები. ყოველი მონაწილე ყოველდღიურად აფიქსირებდა თავის გუნება-განწყობილებას ცხრა დადებითი და ცხრა უარყოფითი ზედსართავი სახელის გამოყენებით. გარდა ამისა, ყველა ცდისპირს ყოველდღიურად უსვამდნენ კითხვებს, რომლებიც ეხებოდა დღის განმავლობაში მოხმარებულ სხვადასხვა სახის საკვებს, ხილისა (ხილის წვენებისა და ჩირის გარდა) და ბოსტნეულის (ბოსტნეულის წვენების გარდა), აგრეთვე ნამცხვრის, ჩიფსის, ტორტისა და კექსის ჩათვლით.
კვლევის შედეგებმა ცალსახად აჩვენა, რომ იმ ცდისპირებს, რომლებიც მეტ ხილსა და ბოსტნეულს ჭამდნენ, უფრო პოზიტიური გუნება-განწყობილება ჰქონდათ. იმ დღეებში, როცა ცდისპირები მეტ ხილსა და ბოსტნეულს მოიხმარდნენ, ისინი უფრო მშვიდად, ბედნიერად და ენერგიულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე სხვა დღეებში. უფრო მეტიც, ეს ეფექტი შენარჩუნებულია მეორე დღესაც, ანუ შესაძლებელია კარგი განწყობის „მომარაგება”.
კვლევის მასალის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალგაზრდა ადამიანმა დღეში დაახლოებით 7-8 ულუფა ხილი და ბოსტნეული უნდა მოიხმაროს იმისათვის, რომ პოზიტიური გუნება-განწყობილება შესამჩნევი გახდეს. ხილისა და ბოსტნეულის ერთი ულუფა გულისხმობს ისეთ მოცულობას, რომელიც ხელის გულზე გვეტევა ან დაახლოებით ნახევარ ჭიქას იქავებს.
კვლევამ დაადასტურა კავშირი ჯანსაღი საკვების მოხმარებასა და კარგ გუნება-განწყობილებას შორის, თუმცა მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ დამატებითი კვლევის ჩატარების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები