საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ქალაქ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ევალებოდათ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვეს და აიღეს ფულადი თანხა.

დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები