მადაგასკარის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედროები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ

მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, არმიის სპეციალურმა დანაყოფმა CAPSAT-მა განაცხადა, რომ აიღო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვა.

რაჯოელინამ მომხდარი “უკანონო და ძალისმიერ მცდელობად” შეაფასა, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

მადაგასკარის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა ერთ-ერთი ოფიცერი არმიის ახალი შტაბის უფროსად დანიშნეს.

CAPSAT-ის მეთაურის განცხადებით, სამხედროებს უკვე ჰქონდათ შეიარაღებული შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან. მან პრეზიდენტ რაჯოელინასა და პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის ქვეყანაში იმყოფება და პოსტს არ ტოვებს.

საჰაერო კომპანია Air France-მა უსაფრთხოების მოსაზრებით 11–13 ოქტომბერს პარიზსა და ანტანანარივუს შორის რეისები შეაჩერა.

შეგახსენებთ, პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 სექტემბერს ახალგაზრდული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციების დროს, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები