გურამ მაჭარაშვილი – ჩახუნაშვილის გირაოს თანხის შესაგროვებლად ოჯახის თხოვნაზე: რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც დანაშაულს ჩადიხარ და შემდეგ ხალხს სთხოვ გირაოს ფულს
„რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც დანაშაულს ჩადიხარ და შემდეგ ხალხს სთხოვ გირაოს ფულს,“- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე საუბრისას განაცხადა.
„შენ მიდიხარ დანაშაულზე და მერე თანხა, რომელიც შემდეგ დაგჭირდეს ჯარიმისთვის თუ სხვადასხვა საკითხისთვის, რათა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გქონდეს, ეუბნები ხალხს, რომ შემიგროვეთ თანხაო. წარმოიდგინეთ, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც ხალხს სთხოვ, ფული მომეცით, იმიტომ რომ მე დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ დაუძვრე მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღმკვეთის სახით გირაო შეუფარდა.
კონსტანტინე ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მამისთვის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს თანხის შესაგროვებლად ხალხს დახმარებას სთხოვდა.