აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზარდონ.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), ანუ ეკონომიკაში ერთ წელიწადში შექმნილი ყველა საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულების, 5 პროცენტს თავდაცვაზე უნდა ხარჯავდეს.
პრეზიდენტის წინადადებას მხარი დაუჭირა ნატო-ს უმეტესმა წევრმა ქვეყანამ, თუმცა ესპანეთი აღმოჩნდა ერთადერთი წევრი, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ნიშნულის შესრულებას არ გეგმავს.
ესპანეთის მთავრობამ გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ 5-პროცენტიანი ბიუჯეტური ვალდებულება ქვეყნის სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ამის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესპანეთი, შესაძლოა, ნატო-დან გააძევონ, თუ ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის.
“ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა სარგებელს იღებდეს ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებიდან, მაშინ როცა თავად არაფერს დებს საერთო თავდაცვაში”,- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ამჟამად ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა თავდაცვისთვის მშპ-ის 2 პროცენტის ფარგლებში ხარჯავს, რაც ალიანსის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვალდებულებაა.