ევროკავშირი საზღვრის კონტროლს ცვლის — ახალი წესები 12 ოქტომბრიდან ამოქმედდება

2025 წლის 12 ოქტომბრიდან ევროკავშირი აამოქმედებს ახალ სისტემას საზღვრის კვეთისას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის შესვლისა და გასვლის პროცედურებს.

ახალი შესვლა-გამოსვლის სისტემა (Entry/Exit System-EES) მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებასა და საზღვრის კონტროლის ავტომატიზაციას. სისტემა მოიცავს ბიომეტრიული მონაცემების – თითის ანაბეჭდებისა და სახის სურათის – აღებას ევროკავშირის გარე საზღვრებზე.

ახალი წესი შეეხება მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობენ. პასპორტის ტრადიციული შტამპები ეტაპობრივად გაუქმდება, ხოლო ყველა ინფორმაცია მგზავრის შესვლისა და გასვლის შესახებ ელექტრონულად დაფიქსირდება.

ევროკავშირის ქვეყნებში სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება, თუმცა პირველი ეტაპი 12 ოქტომბრიდან დაიწყება ყველა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გამშვებ პუნქტზე.

ევროკავშირის ოფიციალური ცნობით, მოსალოდნელია, რომ პროცესმა თავდაპირველად მოგზაურებისთვის, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, გარკვეული დროის დამატება გამოიწვიოს.

ბიომეტრიული რეგისტრაციისგან გათავისუფლდებიან 12 წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია თითის ანაბეჭდის მიცემა.

EES-ის სრულფასოვანი ამოქმედება 2026 წლის აპრილშია დაგეგმილი.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა ხელს შეუწყობს საზღვრის კონტროლის გამჭვირვალობას, უკანონო იმიგრაციის პრევენციასა და უსაფრთხოების საერთო სტანდარტების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები