Bloomberg: რუსეთზე დრონებით თავდასხმებმა რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების ინტენსიფიკაციამ ქვეყანაში ნავთობგადამუშავება შეამცირა, ამან კი რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სულ მცირე 28 თავდასხმა განხორციელდა, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი – 21. აგრესორ ქვეყანაში საწვავის შიდა წარმოება ბოლო დროს შემცირდა, ხოლო საზღვაო ნავთობის გაყიდვები ანალოგიური რაოდენობით გაიზარდა.
როგორც გამოცემა წერს, ამავდროულად, რუსეთში საწვავის მარაგებთან დაკავშირებით შეშფოთება გაიზარდა. გარდა ამისა, ნედლი ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, რუსეთის ძირითადი პორტები სიმძლავრის ზღვარს უახლოვდებიან.
წელს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მესამედზე მეტი დაბომბეს. თუმცა, ამას აგრესორი ქვეყნის ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რადგან სამიზნემდე ყველა დრონი ვერ აღწევს.