ელტონ ჯონმა მუხლის ძვლებისგან სამკაულები დაამზადებინა
ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა საკუთარი მუხლის ძვლებისგან სამკაულები დაამზადებინა,- ინფორმაცია ახალი დოკუმენტური ფილმიდან, Touched By Gold-დან გახდა ცნობილი, რომელიც მომღერლის ცხოვრების ნაკლებად ცნობილ დეტალებს ასახავს.
ფილმის თანახმად, 78 წლის არტისტმა 2024 წელს მუხლის ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც ექიმს სთხოვა, ძვლები შეენარჩუნებინა. მოგვიანებით, ელტონ ჯონმა მათგან სამკაულების, ყელსაბამისა და ბროშის, დამზადება გადაწყვიტა.
სამკაულების დიზაინზე ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა, თეო ფენელმა იმუშავა. ძვლები სპეციალური ტექნიკით დაამუშავეს.
ერთ-ერთ სამკაულზე ამოტვიფრულია ლათინური წარწერა: მე აღარ დავიჩოქებ არცერთი ადამიანის წინაშე.
როგორც უცხოურ მედიაში აღნიშნავენ, დოკუმენტურმა ფილმმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. ერთმა ნაწილმა არტისტის ნაბიჯი შემოქმედებით თვითგამოხატვად შეაფასა, ხოლო სხვებმა ის ექსცენტრიულად და პროვოკაციულად ჩათვალეს.