“საზოგადეობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ოჯახური ძალადობის პრობლემის დაძლევას“

არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გვინდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ერთიანი პლატფორმა შევქმნათ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”-ს მიერ განხორციელებული პროექტის – “თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში გამართულ ტრენინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და ახლო პერიოდში საზოგადოების წინაშე წარსდგება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით და ამ სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოჯახში ძალადობის პრევენციას.
“შესაბამისად, გათვალისწინებულია აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოების აქტიური ჩართულობით ამ პრობლემასთან ბრძოლა. პრევენციასთან ერთად, ჩვენ უკვე წარვსდექით მთავრობის წინაშე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 126-ე პრიმა მუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. მოქმედი ნორმა ითვალისწინებდა მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, პასუხისმგებლობის სახედ. თუმცა, ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა დამატებით სასჯელის ზომა შემოვიღოთ, რომელიც გაითვალსიწინებს უკვე თავისუფლების აღკვეთას, რითაც პოლიციელს სამართლებრივი საფუძველი ექნება მოძალადის დაკავებისა”, – აღნიშნა იზორიამ.
მისი თქმით, მომზადდა შიდა ინსტრუქციის პროექტი, რომელსაც მალე მოეწერება ხელი.
“პროექტის თანახმად, ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ანუ გამოძიების დაწყებამ არ უნდა შეაფერხოს შემაკავებელი ორდერის გამოცემაც და შესაბამისად ამ კომპლექსური ღონისძიებებით და როგორც თავში ვთქვი, საზოგადეობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას და ყველა ეს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ზოგადად რეგიონებშიც, მათ შორის განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვას ოჯახში, ძალადობის პრევენციას ჩვენ მივესალმებით და აქტიური თანამშრომლობით არასამთავრობო სექტორთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ქალთა საინფორმაციო ცენტრთან” აქტიური თანამშრომლობით და სხვა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გვინდა ერთიანი პლატფორმა შევქმნათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით” , – აღნიშნა იზორიამ. ტრენინგი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით 20-22 ოქტომბერს ჩატარდა.
ტრენინგზე საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციისას სამართალდამცავი ჯგუფების როლს, ოჯახში ძალადობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას და არსებულ პრობლემებს. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. შს სამინისტროს ცნობით,პროექტის მიზანია ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობის, ადგილობრივი ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს და სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები