კვიპროსში სამონასტრო კომპლექსი აშენდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კვიპროსიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.
როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს საპატრიარქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვიპროსში მიწის ნაკვეთი გადაეცა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამონასტრო კომპლექსი აშენდება.
მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, იგი ქართველ სასულიერო პირებს საშუალებს მისცემს, კვიპროსში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის საეკლესიო ღვთისმსახურება შეასრულონ.
“კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა, რომელსაც აქვს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, საქართველოს პატრიარქის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა მიწის ნაკვეთი, რომელიც ღალიაში მდებარეობს. იქ უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, რათა ქართულად შესრულდეს წირვა-ლოცვა”, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კვიპროსში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის ოფიციალური მიწვევით გაიმართა. პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, ღალიაში მისულიყვნენ, სადაც მეათე საუკუნიდან ქართული სამონასტრო კომპლექსი არსებობდა და, სადაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციაში, სადაც 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების საკითხზეც იყო საუბარი.
“პატრიარქის პოზიცია იყო, რომ ეს კრება უნდა გახდეს მართლმადიდებელთა ერთობისა და თანხმობის ნიმუში და მართლმადიდებელი ეკლესიები ამ კრებაზე შეთანხმებული აზრით მივიდნენ“, -აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები