დავით სონღულაშვილი არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს კომპანიაში „ჯეო კონცენტრატი“ გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „ჯეო კონცენტრატი“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ჯეოკონცენტრატი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. ამ ეტაპზე, საწარმომ, პროგრამის ფარგლებში, 1 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადაამუშავა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო იბარებს, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში 7 საწარმო, სამცხე-ჯავახეთში – 2, ხოლო ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში არასტანდარტულ ვაშლს თითო საწარმო იბარებს.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები